HTML ტეგები (tags)
ნებისმიერი HTML დოკუმენტის სტრუქტურა შედგება HTML ტეგებით შექმნილი ელემენტებისგან.
HTML დოკუმენტის სტრუქტურა
ნებისმიერ დოკუმენტს აქვს სტრუქტურა რომლითაც ამ დოკუმენტის სხვადასხვა ნაწილები შინაარსობრივად ან ვიზუალურად არის გამოყოფილი.
მაგალითად ტექსტურ ან Word - ის დოკუმენტებში გვხვდება სათაურის, ქვესათაურის, აბზაცის, ჩამონათვალის და ა.შ. სტრუქტურული ელემენტები. ამ ელემენტების გამოყენებით იქმნება დოკუმენტის სტრუქტურა.
მსგავსი პრინციპით, HTML დოკუმენტებსაც აქვთ სტრუქტურა და ვებ გვერდების კეთება სინამდვილეში ამ სტრუქტურის სწორად აგების პროცესია.
ნებისმიერი HTML დოკუმენტის სტრუქტურა შედგება HTML ელემენტებისგან. აქაც გვაქვს სხვადასხვა სახის ელემენტები - მაგალითად h1 ელემენტი გამოიყენება სათაურისთვის, p ელემენტი აბზაცისთვის, a ელემენტი ბმულის შესაქმნელად, img ელემენტი ვებ გვერდზე სურათის ჩასასმელად, video ელემენტი ვიდეოს ჩასასმელად და ა.შ. შეიძლება ახლა მთლად გასაგები არ არის ამ ელემენტებს როგორ გამოვიყენებთ მაგრამ არ ინერვიულო - ყველაფერს ისწავლი ნაბიჯ-ნაბიჯ.
ძალიან ბევრნაირი HTML ელემენტი არსებობს რომლის გამოყენებაც შეგიძლია შენი HTML დოკუმენტის(ვებ-გვერდის) ასაწყობად და მათი სრული სია შეგიძლიათ ნახოთ MDN - ის დოკუმენტაციაში.
თუმცა ამ ელემენტების ზეპირად დამახსოვრება საჭირო არ არის. ჩვენ გავეცნობით ძირითად ელემენტებს და შემდეგ საჭიროებისამებრ ჩაიხედავ ხოლმე დოკუმენტაციაში და რომელიც იმწუთას გჭირდება იმის აღწერას და გამოყენების ინსტრუქციას წაიკითხავ ხოლმე. დროთა განმავლობაში ზოგი ელემენტის სახელი და გამოყენების წესი ზეპირადაც დაგამახსოვრდება რადგან ხშირად გამოიყენებ ხოლმე.
რა არის ტეგი?
HTML ტეგი არის ის რისგანაც შედგება HTML ელემენტები. მაგალითად თუ მინდა რომ შევქმნა სათაურის შესაბამისი HTML ელემენტი უნდა გამოვიყენო <h1>
ტეგი.
ასეთია ტეგის გამოყენებით HTML ელემენტის მაგალითი:
<h1>This is HTML Title</h1>
როგორც ხედავ, HTML ელემენტი რამდენიმე სტრუქტურული ნაწილისგან შედგება:
- გამხსნელი ტეგი
<h1>
- კონტენტი: “This is HTML title”
- დამხურავი ტეგი:
</h1>
ყურადღება მიაქციე რომ გამხსნელსა და დამხურავ ტეგებს შორის განსხვავებაა დამხურავ ტეგში დამატებული წინ დახრილი ხაზი /
.
მნიშვნელოვანია გაიაზრო რომ გამხსნელი ტეგის, კონტენტის და დამხურავი ტეგის ერთობლიობა ქმნის HTML ელემენტს.